пятница, 5 января 2018 г.

ცირა გოგეშვილი _ ნოველები დეტექტიური დნმ-ით / გაგრძელება _გვ. II



VIII. ბოტასიანი კონკია

     ვერც კი მიხვდა  როგორ მოუჩქარა  ნაბიჯს.  შეხვედრის მოლოდინით მოგვრილი ჟრუანტელი საამოდ ელამუნებოდა გულზე.  ახლშეხორცებული იარა  დროდადრო  ისეთი  აუტანელი ქავილით  შემოუტევდა ხოლმე,   მხრების უხერხული აჩეჩვითღა  ახერხებდა  აბეზარი ღიტინის  მოგერიებას.
   კაფე  ტიფლისში  შეაბიჯა   შელიამაც...  მისმა  ცივმა, ოფიციალურმა მისალმებამ  თავიდანვე შეაფიქრიანა ძებნიაშვილი. თუმცა  პროფესიული ჩვევიდან გამომდინარე, ამჯერადაც  მოთმინება  და დამკვირვებლის პოზიცია არჩია!
   რაც  უფრო ცდილობდა შელია   დამოუკიდებელი და თამამი გამოჩენილიყო, უფრო არაბუნებრივ ელფერს იძენდა მისი ყოველი ქცევა. ჯერ იყო და  მენიუს ფერადოვანი მუყაოს ყდა ლამის თხა და გიგოსავით  უკუღმა აიფარა სახეზე, მერე  თავს წამომდგარი მიმტანი გოგონა კარგა ხანს  ვერ შენიშნა და ალოდინა.
   -- კაპუჩინო, თურქული ყავა და ორი ვანილის ნაყინი... --ხელოვნურღიმილიანი სახით მიახალა ოფიციანტს, -- ერთიც  შოტლანდიური ვისკი... -- მოწყალებასავით გაიღო ბოლო სიტყვები, კოლეგის გამწყრალ თვალებს რომ   წააწყდა.
   საჯდომის  ქნევით მიმავალი ოფიციანტი  ძებნიაშვილმა თავის კანტურით და კმაყოფილი მზერით  გააცილა.
   -- იქნებ ბოლოსდაბოლოს დაუბრუნდეთ რეალობას,  ბატონი ძერო... --   მწყრალად დაუკაკუნა მაგიდაზე ხელი  შელიამ,  -- იფიქრებდით რომ  ის დანევროზებული გიო, იგივე   ტაბლეტა,  ნარკო და ფსიქოტროპული საშუალებების მომხმარებელგამსაღებელი  აღმოჩნდებოდა?!  წარმოგიდგენიათ, სკოლის  მოსწავლეებზე ასაღებდა  ვადაგასულ საზიზღრობებს! სამშაბათს გაასამართლებენ... სხვათაშორის, -თქვე-ნოდ! კარგია რომ  ბიულეტენზე დარჩით... რატომ  მოგიყვანეთ აქ, თუ იცით?!
  --არა!  არ ვიცი...
შელიამ  აქეთ-იქით გაიხედა, 
   --  გინდ დაიჯერეთ,  გინდ არა... არა, სჯობს დაიჯეროთ!  პელო გაქრა!
   -- აბა, პელო?
   -- აი ის, პატარა,  წითური გოგო... სიყვარულის ხიდვეშ რომ მომიჯდა  მაშინ გვერდით...  ლამისაა გასკდეს გული... საავადმოფოში არ მოგიშხამეთ ხასიათი...  
   -- რას ამბობთ,  თქვენი მზრუნველობით, კინაღამ ნანემსარი დამიჩირქდა...
   -- გეკუთვნოდათ...
   -- კარგი რაც იყო, იყო... მერე!
   -- მოკლედ,    გაქრა  თავისი ცალი ბოტასით... მეორე კი  ხიდზე   იპოვა გორდეზიამ! 
   ძებნიაშვილმა მექანიკურად   მოიექა კეფა და ფერდთან ამტყდარი  ქავილის მორიგი შემოტევა  ისევ  მხრების აჩეჩვით დაიამა.
  -- სამი კვირაა უხელფასო  შვებულებაში მამყოფებენ და სამი საათი არ მძინებია წესივრად...  სად არ ვეძებეთ!  ცოცოხლებშიც,  მკვდრებშიც... მორგი არ დაგვიტოვებია! ერთი პირობა ისიც ვიფიქრე საქმის კურსში ჩავაყენებ მეთქი პირველს, მაგრამ გადავიფიქრე... ჩვენს პროფესიაში ყველაფერს ჩარჩოებში ვერ მოაქცევ... -- საოცრად ნაცნობი საქმიანი თავდაჯერებით  გამოუვიდა ნათქვამი   და უმალ მიხვდა,  ისევ ძებნიაშვილის სიტყვები  რომ გაახმოვანა.
   ორივეს  გაეცინა. 
   -- ნეტავი  ცოცხალი მაპოვნინა და  კამერებთან  იმათ  მოიწონონ თავი...
   -- ოოო, ეს უკვე რაღაც სხვა ეტაპია... მომწონს, მომწოონს... ამაღლებულხარ  საკუთარ თავზე, პატარავ... მგონი გაზრდილხარ კიდეც... --  თვალები მოჭუტა, თავი ოდნავ უკან გადასწია და ისე შეხედა, თითქოს პირველად  ხედავსო...  აბა, გორდეზია გამოგიჩნდა  მოხალისე მეწყვილედ, არა?!
   -- გეყოფათ რა!   შემთხვევით გადავეყარე   ხიდთან  იმ დილას და რა უნდა მეთქვა, დამატებითი შემოსავლისთვის  ვმუშაობ   აქ  სექსმუშაკად  მეთქი?! მას შემდეგ, რაც სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს,  სულ თაიგულებს მიგზავნის!
   -- გამოგიგზავნის, აბა რა!  კაია თაიგულები, კაი გულები...  ბუკეტები, კეტები...  ოოო,  მანდ   უკვე მართლა გამეჭედა ტვინის ფაილი...  არ დაიჯერო, მშვენიერო! ეგ ყვაილები ჩემს  პანაშვიდებზე ვერმოტანილი თაიგულებია... ეგ პატარა ბაღლინჯო, ეგა... ნახა არა დრო?! ყვავილებს  ვაჩვენებ მე მაგას! ყვავილები თავის შეფს  მიართვას, იქნებ თითო ვარსკვლავი მაინც დაიკრას მხრებზე!
    -- ყოველთვის  რატომ ართულებთ ყველაფერს, დეტექტივო...
   -- ყოველი შემთხვევისათვის,  მშვენიერო... ყოველი შემთხვევისათვის...  მაგრამ კი  არ ვართულებ, მხოლოდ და მხოლოდ  ფაქტებს  ვფენ ნათელს...  --არტისტულად გადაშალა ხელები,  --  ჩიხში რომ არ აღმოვჩნდე უდროო დროს და  თავით არ  გადავეშვა თხრილში, თქვენთან ერთად...
   -- ეგ ნამდვილად აღარ გჭირდებათ...   ჯერ ძველი  იარები მოიშუშეთ   დეტექტივო... მაინც რა გემართებათ  ხოლმე, სერიოზული საქმეც კი  წვრილმანებამდე დაგყავთ!
   -- ოჰ!  ჩემი გრძნობებია  გოგო  წვრილმანები  და გორდეზიას ბუკეტები სემირამიდას დაკიდული ბაღები, არა?!  
   შელიამ თავი დემონსტრაციულად მიაბრუნა გვერდზე და ზედა ტუჩი კბილებქვეშ მოიქცია. მერე ჩანთა მოჩხრიკა,  რკინის ორლარიანი მონეტები ოთხკუთხა ლამბაქზე ხმაურით დაყარა  და თითქმის გაიქცა.
  უტაქტო, უტვინო,  გადაღრძუებული ბერბიჭა! გამიმართა აქ  სცენები!“ -- ის იყო გაიფიქრა  რომ ნაცნობი  ოდეკოლონის მკვეთრი სუნი ეცა.
    კაცი უკვე წამოსწეოდა და უსიტყვოდ   მოსდევდა   მხარდამხარ.
   ჰაერს სიგრილე შეპარვოდა. ქარი უთავბოლოდ აბორიალებდა   წამოხვეტილ ფოთლებს.
   -- იცი, რას მივხვდი?!    შენი გაბრაზებაც  მომნატრებია... -- ჰაერში მოფრიალე ჭადრის ფოთოლს    ყუნწში სწვდა და შერიგების ნიშნად მიაჩეჩა გოგოს  ხელში... --  ხომ გჯერა რომ პელოსაც ვიპოვნი და კიდევ  ვიღაც-ვიღაცებსაც... დაარტყი ხელი... -- ძებნიაშვილმა მარჯვენა  გაუწოდა.  -- რა თქმა უნდა,  მართლა დაკარგული თუა  და  სუმოისტს არ  აეთესა...  ოჰ, ბოდიში, ბოდიში... -- თითები ხელუკუღმა მიირტყა ტუჩებზე, ეს რა წამომცდაო?!.. 
   შელიამ დიდხანს ვეღარ გაქაჩა უკარება გოგოს როლი  და  უმალ  დაუტყაპუნა თავისი პატარა  ხელი  ნიჩაბივით ფართე ხელისგულზე.  კაცი რატომღაც   მოწაფესავით აილეწა და   თმა მოუჩეჩა.   
   --კიდევ დამრჩა თქვენთვის ერთი ცუდი ამბავი... ტაქსისტი იპოვეს გარდაცვლილი... მისსავე მანქანაში... დიაბეტური კომა!  და  კიდევ უარესი!  მგონი, მოჩვენებები დამეწყო!  სულ მგონია, ვიღაც მითვალთვალებს...
   -- ოოო, ეხლა შეჩერდი გოგონი! მართლაც გვარიანად დაგტყობია უჩემობა... ნევროზები არ გვინდა...  დავუბრუნდეთ რეალობას. 
   ძებნიაშვილი  შთაგონებული სახით შედგა შუა ქუჩაში, თვალები მოხუჭა  და  ზუსტად ის სურათები ამოატივტივა გონებაში,  რაც პელოს ახსენებდა...
   -- სად არის ის ცალი ბოტასი!
   -- გორდეზიას აქვს სეიფში...  ჩემი თხოვნით შეინახა... 
   -- ხოდა მოიტანე ახლა უკან, ზედმეტი კუდების და ახსნა-განმარტებების გარეშე...   პირველ რიგში ეგ გვჭირდება!
   -- კი, მაგრამ  რისთვის?!
   -- ოხ, გერასიმე, გერასიმე, ვის ხელში ჩამაგდე! --  თვალები ცისკენ აღაპყრო ძებნიაშვილმა, -- რისთვის და ახლა ცალბოტასიანი კონკიებია მოდაში, მშვენიერო... ჯერ ის სპორტული ფეხსაცმელი მომიტანე,  დანარჩენს მერე აგიხსნი! ეს ერთი!  და მეორე, ტაქსისტის მისამართი დამიზუსტე, ცოლს მინდა გავესაუბრო... სასწრაფოდ! მოწმეები არც იქ გვჭირდება!
   -- ასე, იატაკქვეშ ვაპირებთ საქმის გახსნას, ბატონო ძერო?!
   -- შენთვის ჯერ არ მითქვამს, რომ ყველა დიდი საქმე იატაკქვეშ იწყება და  იატაკქვეშ წყდება?!  აბა,  ჩემმა სახელოვანმა  კლასელმა, კიდევ ერთი კვირით გადამიწია შეხვედრა! ახლა, ამერიკაში ბრძანდება და რა გინდა, რო ქნა! მე კი მოვიცდი ამ ერთ კვირასაც, ბაზარი არაა, მაგრამ  პელო მოიცდის?! ჩემპიონი! რა უნდა ჩემპიონს სისხლში! სამოქალაქოს ძლივს  ანსხვავებს ადმინისტრაციულისგან... დანაშაული ცხელ კვალზე თუ არ გაიხსნა,   მოგჭამა  ჭირი! გაწრუწუნებს მერე  დიდი ხნით... მოკლედ ჩვენ ახლა  გვჭირდება სამხილები და მხოლოდ სამხილები...   თანაც რაც შეიძლება ბევრი...
  -- ხოდა გვექნება ...
  -- აბა, წეღან რა  თავი გაიგიჟე,  სხვას ვითხოვდი რამეს?! მერე ისიც   ჩამოვა  და ახსნაგანმარტების წერაც აგვცდება,  ისე  შეგვეხება ამნისტია... ჩვენნაირი შერეკილი ოპერგამომძიებლების გარეშე საქმეემი  არ იხსნება! აზარტის და  თავგანწირვის გარეშე   არაფერი გამოდის. რა დიდი ფილოსოფია უნდა ამას, მაგრამ ესმით?!
  -- სწორედ ეგ თქვენი საფირმო აზარტი და თავგანწირვა ჩაგვითვალეს თვითშემოქმედებად... ინიციატივა არის  და-სჯა-დი!... --  ბრძნული სახით წარმოსთქვა ბოლოს ძებნიაშვილის მორიგი საყვარელი ფრაზა და  მყისიერად შემოფეთებული მისი ორაზროვნული ღიმილი გვერდზე გახედვით აისხლიტა.  -- არა უშავს, გავუძლებთ! – ძალიან მშვიდად შესცინა მერე სახეში და ნაჩუქარი  ფოთოლი ისევ  ქარს გაატანა...     
 
IX. უშაქრო ჩაი

   -- ვიფიქრე მაგაზე მე,  ჩემო კეთილო, მაგრამ არ მიღირს! რომ გავყიდო, ორ თვეს არ გამყვება ის ფული! --  შავკაბიანმა ქალმა  მაგიდასთან მჯდომ წვერგაუპარსავ კაცს ჩაი დაუსხა და საშაქრე ახლოს მიუწია... იჯარა ჯობია,  ორას ლარს   პენსიაც თუ დაემატება ყოველთვე, მეტი არც მინდა მე, ვიმყოფინებ...
   კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ქალი სწრაფი ნაბიჯით გავიდა ჰოლში. უკან ძებნიაშვილის თანხლებით დაბრუნდა.
    დეტექტივის დანახვაზე კაცს თვალები აუწიპწიპდა... ცნობით არ ცნობდა, მაგრამ ორგანოს მუშაკებს ყნოსვით გრძნობდა.
   -- ჩემი ქმრის მეგობარია, კოწო! -- ნაღვლიანად წარუდგინა შემოსწრებულს დამხვდური და  წამიერად დასადგურებული უხერხული დუმილი ბუნებრივი უშუალობით  გაფანტა ქალმა.  ეს რომ არ დამდგომოდა გვერდით, არ ვიცი რა მეშველებოდა.  ძმებივით იყვნენ... შენაცვლებით მუშაობდნენ ტაქსზე...
   ამის გაგონებაზე ძებნიაშვილს ინსტიქტურად გაუფაციცდა სმენა, მაგრამ არშემჩნევის დიდოსტატმა, ზედმეტი ცნობისმოყვარეობით რომ არ დაეფრთხო დაკვირვების ობიექტი, კედლებზე გამოფენილ ოჯახურ პორტრეტებზე  გულმოდგინე მზერა ჩამოატარა.
   მრგვალპირისახიანი და ვერცხლისწყალივით  ციქციქათვალება კაცი  ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იჯდა. მარცხენა ფეხს ნერვიულად ათახთახებდა...
    ასეთი ტიპის ადამიანები, როგორც წესი, ნდობას არ იმსახურებენ.  დიდი ფსიქოლოგობაც არაა  საჭირო მათზე სწორი აზრის შესაქმნელად.
სახეზევე აწერიათ ერთს რომ ფიქრობენ, მეორეს  ამბობენ   და მესამეს გამკეთებლები კი არიან...
  -- წავალ  დეიდა კლარა...  დაგირეკავთ! -- ზანტად წამოიხლახნა კაცი. 
   -- დეტექტივი ძებნიაშვილი... 
   ძებნიაშვილის გამოწვდილ ხელს ოდნავ წაუცაცუნა ცივი თითები კაცმა და თითქმის  წასასვლელად შემზადებულმა კარს გახედა.
  --კოწო...   -- უხალისოდ წაილუღლუღა მერე. თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და როგორც კი შეეძლო თვალი გაუსწორა.
  -- თქვენის ნებართვით,  ორიოდე წუთით შეგაყოვნებთ...
კოწო უხალისოდ დაუბრუნდა სკამს და  დაუშაქრავი ჩაი ინსტიქტურად   მოხვრიპა.
   -- ბოლო დროს რამე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ გარდაცვლილისთვის...
   კოწომ ცალი მხარი ორჭოფულად წამოწია, თუმცა მდუმარება არ დაურღვევია.  მერე თითქოს გონება გაუნათდაო, სკამზე აწრიალდა.
   ძებნიაშვილი მიხვდა, კაცი ქვრივის თანდასწრებით არ აპირებდა საუბარს.
   -- არც მე ვიტყოდი ჩაიზე უარს ქალბატონო...    
  -- კლარა... ჩემო ბატობო...   --  სახელი შეაშველა და გაინაზა ქალი.
 --  დიახ, ქალბატონო კლარა... --  მოცინარი სახით დაასრულა თხოვნა ძებნიაშვილმა და  ერთხელ კიდევ დარწმუნდა საკუთარი ღიმილის მაგიურობაში, როცა ქვრივის გამოხედვაშიც  იხილა  სიკეკლუცის ანარეკლი.
  მაინც რა ჯადო-ღიმილი გაქვს ეგეთი,  ჯეელზე და ხნიერზე   ეთნაირად რომ  ჭრის...“ _ გაახსენდა ცხონებული გერასიმეს ნათქვამი. სწორედ  მაშინ  იყო, რომ  ჩაუღრმავდა პირველად საკუთარი ღიმილის სპექტრულ დიაპაზონს და აღმოაჩინა, რომზემოქმედებამისდაუნებურად ხდებოდა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე... რასაც  ზოგი, თავაზიანობად და  ზრდილობად უთვლიდა,  ზოგი მოწიწებად...  უმეტესობას კი წამიერი ფლირტით  აფორიაქებდა...
  -- ბოლო დროს პატარა გოგუშკებისკენ გაურბოდა თვალი. -- მრავალმნიშვნელოვნად გადასჩურჩულა  დეტექტივს კოწომ, როგორც კი ქვრივი  სამზარეულოს კარს იქით დაიგულა. – ასაკში იყო კაცი,  ვერ გაუძლო!  იმ ამბების მერე შაქარიც აგიწევს  კაცს და წნევაც...  გასაკვირია თუ! 
  -- მერე ვინ ამბობს რომ გასაკვირია...  
   --  ნემსი კი,  დროზე ვერ გაიკეთა! -- ბოლო წინადადება ზომაზე მეტი ომახიანობით წარმოთქვა კოწომ,  რაკი ქალი ფინჯანი ჩაით ხელში გამოჩნდა. 
  -- ინექციების  კეთებაშიც ისე  გავწაფე, იმ შემთხვევის მერე, ინსულინს სულ  თან დაატარებდა! მარა ვერ მოასწრო, ვერა...
  -- თქვენი ვერსია  ექსპერტზის   დასკვნას არ ემთხვევა  კოწო ბატონო... სიკვდილის მიზეზად  ასფიქსია დადასტურდა... -- თითქმის   ყურთან წასჩურჩულა  ოდნავ მისკენ  გადახრილმა ძებნიაშვილმა და წამოდგა.
   -- ასფიქსია რაია? -- ჩურჩულითვე ჩაეკითხა კაცი.
ძებნიაშვილმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ თვალი თვალში გაუყარა და მერე  ისეთი მკაცრი გამომეტყველებით ჩაუკრა თვალი, კოწომ ფერი დაკარგა.
  -- წავალთ ჩვენ ქალბატონო კლარა... სასწრაფო საქმე გამომიჩნდა მეც...
   -- ჩაი,   ჩემო ბატონო? ჩაი!
   -- სხვა დროისთვის იყოს... -- ისევუნებური  ღიმილი უთავაზა ქალს და ორიოდ წუთში უკვე კოწოს თანხლებით მიაქროლებდა თავის კუთხოვან ჯიპს.
 
   სხვათაშორის,  კატასავით ფრთხილი გამოდგა კოწო. ორი კვირა  აწვალა ძებნიაშვილი, ანუ  ორი კვირით კიდევ შეიფერა  ერთგული მეგობრის როლი ქვრივის თვალში.
   იმ დღეს კი,  ქალბატონი კლარას სიტყვებით რომ ვთქვათ,  არ გაუმართლა! “
  ტაქსისტის  საფლავზე მიტანილ  სურათიან გრანიტის ქვას ფხრიწინ-ფხრიწინით რომ შემოაცალა მწვანეზოლიანი წებოვანი ლენტი და მზრუნველად შეხსნა  დამცავი მუშამბა, აი, მაშინ წაადგა  თავს  ძებნიაშვილი ძერასავით.
   თავდაპირველად რა თქმა უნდა,  გულმავიწყობის მორევში ჩაძირა    იშვიათი  სკოტჩისწარმომავლობა.   მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, იკრა თუ არა საფრთხის სუნი, შესაშური სიზუსტით გაიხსენა, ცნობილებით დასახლებული ნაკრძალი პერიმეტრის შლაგბაუმის ფერიც, დაცვის ბიჭის გოლიათი ნაფეხურებიც და  მისი მწვანეზოლიანი წებოვანი ლენტიც,  ლაბადის ჯიბიდან  რომ  ამოუვარდა  იმ წვიმიან  ღამეს... 


X. მარკეტინგის მეფე შიშველია

   -- ბევრი რამ ირკვევა,  გზადაგზა, გოგონი...
   -- გაიგეთ ბოლოსდაბოლოს, რომ მე, თქვენი გოგონი არ ვარ?! ან გვარით მომართეთ ან სახელით! და საერთოდაც კაპიტანი ვარ, თუ არ დაგვიწყებიათ...
   -- მდააა?! 
გოგომ მრავალმნიშვნელოვნად დაუკანტურა თავი.
  --  შელო არ წავა მშვენიერო? --  გაიდღლაბა ძებნიაშვილი.
  -- გოგონის ისევ ეგ მირჩევნია... სხვათაშორის მაგ შენს  მშვენიეროსაც... --  როგორც იქნა გამოიდარა შელიამ.
 --  ხედავთ  რა ხდება მშვენიერო, то есть კაპიტანო,  -- წარბი შეიკრა ძებნიაშვილმა, -- სახეზე  გყავდათ დაზარალებული,  აწმყოში... ტაქსისტის სახით, როგორც დანაშაულის მთავარი მოწმე, მაგრამ ვერ მოიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები.... ახლა კი რა ხდება?!  იგივე დაზარალებული, ახლა უკვე გარდაცვლილი ტაქსისტი სახეზე გვყავს  როგორც მსხვერპლი და ძირითადი ნივთმტკიცება?!
   -- გეფიცებით, მართლა დავიღალე თქვენი დამოძღვრით,  ეგ კურსი კაი ხნის გავლილი მაქვს... -- ღრმად ამოიოხრა  ახლა უკვე სახედამშვიდებულმა.
   -- ეჰ, შელო, შელო, რო იცოდე რა  ჯიგარი ვინმე გამოდგა ის შენი პუტკუნა სუმოისტი! თავიდან კი გამიბრზდა, რას მაბოლებდი, ეგრევე  გეთქვა ვინც იყავი და რაც გინდოდაო... ჩიზბურგერზე და კოლაზე  დამაპატიჟებინა თავი... ერთი სიტყვით კვალზე ვართ!
   ძებნიაშვილმა  მანქანა დგომისთვის ნებადართულ ზოლში  შეაგრიალა და ღვედი შეიხსნა.
   -- წამო გავიაროთ,  აგერ ბამბის ნაყინს   აგუნდავებენ,  ტკბილიც არის და არც ყელი გეტკინება!
   -- თქვენმა გაუთავებელმა მზრუნველობამ ხომ შემიკლა ხელში, მართლა ბაბუაჩემი მგონიხართ ზოგჯერ!
კაცმა წარბი შეიკრა:
   -- მაშინ ჯერ კიდევ ლიდერთა კოლეჯში დაცუნცულებდი, ზარზეიმით რომ  ჩამოაბრძანეს ის მარკეტინგის მეფედ შერაცხილი მეცნიერ-ოლიგარქი... და თანაც საიდან?!
გოგო სმენად იქცა.
   -- ეგრეთ წოდებული  მტრული ქვეყნიდან... -- თავადვე გასცა პასუხი საკუთარ პათეთიკურ შეკითხვას და საჩვენებელი თითი  თავზემოთ შემართა. -- პირველივე  ბრიფინგით გაითქვა  სახელი?! ეს  კი უსათუოდ  გემახსოვრება!
   -- ნწ... -- დანანებით  გაიქნია თავი   შელიამ და წარბები ნაღვლიანად შეყარა.
   -- ხო და ძალიან ცუდი, რომ არ გახსოვს... ამიერიდან ქვეყანაში ქალთა დასაქმების პრობლემა აღარ იარსებებს, რამეთუ ისინი იმთავითვე უძველესი პროფესიით აღჭურვილნი იბადებიან და   გადამზადებასაც კი არ  საჭიროებენო...
   --  რაღაც არ  მაგონდება!
   -- რომ არ გაგონდება, მშვენიერო, ამიტომაც გახსენებ ასე წვრილ-წვრილად! ერთ ჟურნალისტკას ისეთი ისტერიკა დაემართა, „რას გულისხმობთ ბატონო მრჩეველოო?“ -- თითქმის უყვირა. იმან კი თითი დაუქნია,  მალე გაიგებო...“  ხოდა  ბინძურად  ახითხითებულს ისეთი ხველა აუვარდა,  იმისი სპილოსავით აზვინული მასა  სკამიანად  გაიტანეს სტუდიიდან... მერე რაც მოხდა,  კი ნახა ქვეყანამ...  არალეგალურად, მაგრამ მაინც მიიღეს  ბინძური  გამოწვევა მოზარდებმა... კანონმდებლებმაც უმალ  წამოაწიეს ცხელ-ცხელი კანონი აღმართში ნასროლ ქვასავით...
    -- რა კანონი...
    -- რა კანონი და... კანონი, არასრულწლოვნების დეღეგესგან გათავისუფლების შესახებ... და   ჩაებნენ ნორჩებიც მუშაობის ფერხულში... წლის ბოლოს სტატისტიკის ფერად-ფერადმა კუბიკებმა ამცნო  მოსახლეობას, Oოთხმოცი პროცენტით შემცირდა ქვეყანაში უმუშევრობაო. ხოდა, ამ გამოწვევის ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოჩნდა პელოს უმცროსი დაც! პელო კი სულაც არ ყოფილა პელო, და მითუმეტეს, გოგო! პანტელეიმონი ქვია,  უბანში პანტელას  ეძახიან... მამა სამოქალაქო ომმა შეიწირა ოთხმოცდათორმეტში, დედა ორი წლის წინ მოუკვდათ...  მეორე სემესტრის სწავლის ფულს რომ ვეღარ იხდიდა, ატყუებდა თურმე  ძმას მიმტანად ვმუშაობ ბარში, ფულს გიგროვებო... ხიდქვეშ კი იდგა თურმე...
  -- საიდან ამდენი ინფორმაცია ბატონო ძერო! -- აღფთროვანება ვერ დამალა შელიამ, -- ძერას გააგდებინეთ თუ ყვავს?!
   -- არცერთს! რომ არ მისმენ მაგის ბრალია! როგორც კი მოწმობაში ჩავაჭყიტე სუმოისტი, სულ კრუსუნ-კრუსუნით ჩამიკაკლა რაც იცოდა... რა მითხრა კიდევ თუ იცი?! – შელიამ  თვალი აარიდა, -- ტყუილად   იყურები ცაში,   არ წერია ეს იქ...  ასე  მითხრა,  შენნაირებს ან უნდა გაექცე,  ან უნდა ჩაეხუტოო... მეორე მირჩევნია მეთქი... აბა, რას ვეტყოდი! ჰოდა,  შედეგიც სახეზეა...
   --  სრულებითაც არ მაინტერესებს თქვენი იაფფასიანი საგმირო საქმეები! დაკონკრეტდით თუ შეიძლება დეტექტივო... პელო, პელო,  სად არისო?!
   -- როდის გადაეჩვევი ბავშვურ შეკითხვებს! ეგ რომ სცოდნოდა, როგორ ფიქრობ, მე არ მეცოდინებოდა უკვე?  სწორ კვალზე ვართ... ყნოსვა არ მღალატობს... მთელი ღამე ლუპით ვეჩალიჩებოდი ბოტასის ენაზე შერჩენილ ნაჯღაბნებს... მანქანის არასრული ნომრებია! აი, ამოვიწერე კიდეც... ტყუილად რომ არაფერზე ვირჯები,  იცი შენ... მიზეზი კი მართლაც სერიოზული ჰქონია პანტელას... -- ძებნიაშვილმა მრავალმნიშვნელოვანი  პაუზის თანხლებით  გაუსწორა თვალი  შელიას.
   -- მიზეზი! -- ბრძანების კილოზე მოითხოვა უკვე   განმარტება აზარტში შესულმა გოგომ.
  -- მოთმინება მშვენიერო! აი, ეს... -- ძებნიაშვილმა საქაღალდიდან  მწვანე ფურცელი დააძრო,  --  აი ეს ბოლო ციფრები, ხუთი, ოთხი, სამი,  ერთი, და  A... სერია არ ეტყობოდა, მაგრამ  ყველანაირად ბევრეთელი ტაქსისტის ნომერს გავს... ესე იგი, ახლოს ვართ, რაკი მისი ნომრითაც  დაინტერესებულა ბიჭი! მეორე ბოტასიც რომ გამოჩნდება, ბევრ რამეს აეხდება ფარდა... გული მიგრძნობს...
-- დეტექტივო, მეჩვენება თუ მართლაც გულმოდგინედ ანადგურებთ საკუთარ ავტორიტეტს ჩემს თვალში?!  არა, მთლად ნორმალურის შთაბეჭდილებას არ ტოვებთ! ადამიანის პოვნაა ეხლა ჩვენი უსწრაფესი ამოცანა თუ  ბოტასის, რომელიც შეიძლება საერთოდა აღარაა უკვე პატრონთან...

XI. ხარაზი რაღა იყო...

   ჯერ კიდევ დილით შეასწრო თვალი, სავაჭრო დახლების  ბოლოს ჩარიგებული სახელოსნოებისკენ რომ გააბოტა  ლურჯლაბადიანმა  გოლიათმა. დიდი ლოდინი არ დასჭირვებია, მალევე  დაუბრუნდა  დაცვის პოლიციისთვის განკუთვნილ ჯიხურს...  
   -- ცოტა დამაცათ და მოგხედამთ... აი,  ტაბურეტკა!  სუფთაა, დაბრძანდით... ხო, ხო,  რა დასცხო!  გეგონება  მთელი წლისა  უნდა იწვიმოს!  -- უკმაყოფილოდ გაიქნია თავი მოხუცმა და ჭუჭყიანი ტყავის  ნაკუწები ურნაში მოისროლა.
   -- არა და,  პროგნოზით არ გვპირდებოდნენ...
   -- ვა, გიკვირთ რო!  მაგათ სუ უკუღმა   უნდა დაუჯერო...
  -- რამხელა შიბლეტია ბიძაჩემო, ტივია თუ ტიტანიკი?!
   -- გემია! ტარელასია... დაცვაში მუშაობს...  მაგათ თავიანთი მკერავები ჰყავთ... ტანზე, ფეხზე, სუ უფასოთა აქვთ... მაგრამა ეტყობა მაგის ზომებს არა ჰკერამენ...
   -- ტარელა არა,  ტარიელი ერქმევა...
   -- რა ვიცი, ამდენი ხანია ვიცნობ,  ტარელას უძახი, არაფერს მევნება... ცოტა უჟმურია,  თორე ისე, არა უშამს...
   -- უჟმური თუა, მეტი რაღა უნდა უშავდეს!
   -- აი, შახედე რა დღეშია! მერამდენედ მაკერებინებს რო იცოდე!  ეხლა  შიგნიდან უნდა გამოავაკერო ახალი ტყავი,  რომ დაიჭიროს... იცი, რა საწვალებელია... მერე მოვა, სამ ლარს დააგდებს და   ისე წავა,  ვითომ ძვირია... აბა, სამი მანეთი რა არი?!  ადგილის ფულსაც ხო მახდეინებენ... შუა ბაზარში  ვინ დაგსვამს ისე... მაგრამა  ხათრით ვერაფერს ვევნები... -- გოლიათის ფეხსაცმელი გვერდზე გადადო და ახლა კუთხეში მიგდებულ  ჩექმის ლანჩას  დააფჩენინა პირი.
   -- რამდენი წლის  ბრძანდებით ძია?
   -- რამდენისა ვიქნები?! აბა, ერთი კარგად  შამომხედე?! -- ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. 
   -- რა  ვიცი...  ასე, სამოცდახუთის...
   -- მართლა?!  სამოცდაცხრამეტისა ვარ,  ოთხმოცსაც  მალე დავახურდავებ...
   -- დაუჯერებელია,  ერთი ჭაღარაც არ გაქვთ!
  -- ჭაღარა!  ჭაღარა რა ჩემი ფეხებია!   გიტლერს მოვერიე და მაგას ვეღარ მოვერეოდი?!   -- გაიცინა  და ერთმანეთში არეული  ფოლადის და ოქროს  კბილები გამოაჩინა, -- საითაც  გაიხედამ,  ეხლა  მარტო  სადალაქოებია... არა, ბოდიში მამითხოვია, სილამაზის სალონები...  ჩემი ცოლის ბიძაშვილის გოგოა,  ანჟელა...  თვეში ერთხელ  მივაკითხაამ,    გადამისვამს უცეფ  კრასკას და ეგაა!  ეგეც  შენი ჯეელობის  тайна!
   -- შვილი გეყოლებათ, შვილიშვილები...
   -- მყაამს, მაშ როგორ! შვილები, შვილიშვილები, იმათი შვილები...  დიდი პაპაც ვარ უკვე მააშ... ორი ბიჭი ცალ-ცალკე დავასახლე.... მესამე ჩემთანა ცხოვრობს...
   -- მერე მთელი დღე აქ ყოფნას,  შვილიშვილებთან თამაში არ გირჩევნიათ?!
   -- კარგით რა... აბა, იმათა ჰკითხე!  კომპიუტერი ყველაფერს ურჩევნიათ... თანაც შინ ხმას ვერ ამოიღებ,  ჩუმად უნდა იჯდე!  ხო იცი, ჩუმად თუ ხარ, ოქრო ხარ! იტყვი რამესა და ცუდი ხარ!   მე კი მთელი ცხოვრება მიმუშავნია, ხალხთანა მქონია   საქმე... ერთ ოთახში გავძლებ,  აბა, მითხარ?!
   -- მაინც სად მუშაობდით,  საიდუმლო თუ  არაა?!
   -- საიდუმლო?! ვაა შენ რა გულთმისანი ხარ ბიჭო ჯან! ბევრგან მიმუშავნია, მაგრამა ყველაზე   დიდხანს ვიყავი ავიაციონში, აი ეგ იყო თუ იყო  გასამხედროვებულიც და გასაიდუმლო-ვე-ბუ-ლიც! მარტო მეორე მსოფლიო ომის მემრე კი არა, მერეც! მარგამა, როგორც კი ნეზავისიმები გავხდით, ბოლოს  მარტო კერასინკებსღა აკეთებდნენ... გატაინებული იყო, ეხლა გატიალებულია, მააშ...
  -- მაშ, სამხედრო ჩინიც გექნებათ!
მოხუცმა წაუყრუა და სადგისი სალესზე წაამახვილა.
   -- სამხედროებზეც ვკერამდიიი... და იმათ ცოლებსაც  ვუკერამდი... _ ეშმაკურად ამოხედა სავარაუდო კლიენტს, _ რას იცინი, ცუდათა ვთქვი რამე? -- არა, პირიქით, ძალიან კარგად, ბიძაჩემო, ძალიან კარგად...
მოულოდნელად მინის კარ-ფანჯარას რუხი ჩრდილი ჩამოეფარა, კარი გაიღო და უზარმაზარმა თავმა  მთელი ჯიხური გაავსო.
   --  მზათაა, ტარელა ჯან! -- ორივე ხილით მისწვდა  თაროზე შემოდებულ ფეხსაცმელებს, --  აჰა!
წებომიმხმარ პლასმასის თეფშზე სამმა რკინის ლარიანმა გაიჩხაკუნა და თავი ისევ სწრაფად გაქრა...
  -- ძია კაცო, ეხლა ეს მითხარი,  რა გვარის ბრძანდები...
_ მანუკიანი... -- რიხით   შეაგება და  თავისივე აჩქარებული პასუხით უკმაყოფილომ ახლა გულმოსული სახით გამოხედა სათვალის ზემოდან:
   -- ვა, დაკითხვაზე ვარ, რო?!
   -- თითქმის... 
ხელოსანი დაბნეულობისგან თავის კანტურს მოჰყვა..
ძებნიაშვილმა გულისჯიბიდან ლურჯყდიანი მოწმობა  სხვათაშორის  ამოიღო და მოხუცის- თვის არც შეუხედავს, ისე ჩააბრუნა  უკან.
   -- თქვენგან მხოლოდ  სიმართლე მინდა... Понял товарищ Манукян!  
მხედრული მიმართვის გაგონებაზე  ბერიკაცი ნელ-ნელა წამოიმართა და  წინსაფარზე დადებული ჩექმა ბრაგვანით დაუვარდა ფიცარნაგზე.  მერე  ძლივ-ძლივობით  გამართა ჯდომისგან დახუთული მუხლები და მარჯვენა ხელის გაჭიმული მტევანი ნელ-ნელა  მიიტანა საფეთქელთან.
   -- Вольно  товарищ Манукян... – ბოლომდე  არ აცალა შემკრთალ მოხუცს მისალმება და  ლმობიერად გაუღიმა: _ რა ყოჩაღად დაუბრუნდით ძველ დროებას!   ეხლა ეგრე ყოჩაღადვე უნდა გაიხსენოთ, როდის მოიტანა ის თავისი  გემები დაცვის ბიჭმა.
   -- ვა,  ტარელამ?!  ეგ თუ подазрительный    ვინმე იქნებოდა ვერ ვიფიქრამდი....   
   -- მაგაზე  ფიქრით თავს ნუ აიტკივებთ, ბიძაჩემო... კითხვაზე  მიპასუხეთ...
  -- დაიცა, ვიფიქრო! -- თავი მოიქექა, -- მართალი ვთქვა, სულაც არ მახსომს! დიდი ხანი მეყარა...  რო არ მოაკითხა,  თავი გავანებე... საქმის მეტი რა მქონდა! ამ დილას რო მომიკაკუნა, უცეფ გაუკეთე... -- ალალად თქვა მოხუცმა.
   -- ეხლა ის გაიხსენეთ რა ქონდა შესარემონტებელი?!
   -- ბევრი არაფერი,   სტელკები!.. აი,   ჩასაფენები, რაღა... შიგნიდან სუ  ტალახით ჰქონდა მოთხვრილი,  გარეცხვა დაეზარა ვიცი და... გამომაცვლეინა...
   -- აბა, ტყავი ჩავაკერე,  ესაო და ისაო... -- გაე-ღიმა ძებნიაშვილს...
   -- მაშ როგორ გინდა! კლიენტი რო გიცდის,  ხო უნდა ელაპარაკო, თავი შეაქცევინო... ისე ვთქვი, რაღა... -- ხელი გადაიწვდინა და პლასტმასის მოწნული კალათიდან კიდეებშემოხეული საფენები ამოიღო, -- , ესენი გამოუცვალე... -- თქვა ოდნავ ჩახლეჩილი  ხმით და  ჭუჭყიანი ტყავის  ნაგლეჯები  ათასგვარი წვრილმანით მოფენილ სამუშაო მაგიდაზე დაყარა.
  ძებნიაშვილმა  ეს-ეს არის მოძიებული ტყავის ფრაგმენტები  ქაღალდის პარკში ჩაყარა და    მოხუცს მხარზე ხელი მოუთათუნა:
    -- აი,  რას ნიშნავს ყაირათიანი  ხარაზი... Спасибо товарищ Манукян... Вольно! 
   ბოლო სიტყვებმა დამამშვიდებლად იმოქმედა მოხუცზე და ისევ აუშალა  ლაპარაკის საღერღელი.
   -- ხარაზი რაღა იყო! იფიქრე,  რომ არ ვიცი არა?!  ბემურაზი ვიყო ამ ბაზარში ჩემ მეტმა თუ იცოდეს, ხარაზი! მაგრამა, მაღლა რო დავაწერო, კაცი არ შემოვა, სხვა რამე  ეგონებათ...
   ძებნიაშვილიმა ექსპერტიზისთვის განკუთვნილი პარკი  კმაყოფილი სახით  ამოიჩარა   იღლიაში,  ენად  გაკრეფილ  ხელოსანს  მხარზე  ხელის  შემოკვრით დაემშვიდობა და თავსხმა  წვიმაში გაუჩინარდა.

XII. პირველი სამხილი

   იმ საღამოს,  ისარგებლა რა მამის  დაუდევრობით, საგზაო ინსპექტორის შვილმა კარლომ მალუულად გამოიტანა შინიდან  სატაბელო იარაღი. ერთი-ორჯერ  თავმომწონე მამალივით გაიარ-გამოიარა ეზოში, მერე დიდის ამბით მიაჭედებინა ბიჭებს  თუნუქის ყუთი თუთის ხეზე  და ნაძლევიც დადო:
   -- ზედ ჩამოდებულ კარალიოკს ისე მივბირიდავ,  ვეღარ იცნობთო...
მართალია,  პატარა ძერო ძებნიაშვილი არ მონაწილეობდა დიდი ბიჭების ნაძლევში, უფრო სწორად მარაქაში არ გარიეს, როგორც პირველ-  კლასელი. მაგრამ  დიდის ინტერესით კი ადევნებდა თვალს ყოველივეს. 
კარლო ერთი  გათამამებული და  ბაქია ბიჭი იყო, თუმცა   გული კეთილი ჰქონდა.
   ყველას რიგრიგობით  დააჭერინა  ხელში  იარაღი,  დროის მეტ-ნაკლები ხანგრძლივობით, და რომ არ უფიქრია ისე,  ბიჭებს განგსტერებად  წარმოადგენინა  თავი!
   პირველ სამთვლიან მოტოციკლსაც    ინსპექტორი ტუხო  დააგრიხინებდა   უბანში და შესაბამისიდ კარლოსაც  არასოდეს ელეოდა სატრაბახო.  ათასგვარ ამბებს იგონებდა არგადამხდარი თავგადასავლებიდან. უკვე  ყველამ ზეპირად იცოდა  ეგრეთ წოდებულ  ახალ გზაზე, საპირველმაისოდ სასწრაფოდ რომ გადააგეს ასფალტი,  იმ სამთვლიანი მოტოციკლის ორ თვალზე გატარების ამბავი. მაგრამ, რაც არ უნდა მოეყოლა და  რამდენჯერაც არ უნდა მოეყოლა, მსმენელი არასდროს აკლდა. მაინც გაფაციცებით უსმენდნენ, რადგან ყოველ ჯერზე ამატებდა რაღაც  ისეთ ახალ  დეტალს,  რასაც ბიჭები მოუთმენლადაც კი  ელოდნენ. 
   ვინ იცის, რამდენჯერ მოუწონებია თავი ბიჭებშიკაცურადჩამჯდარს, მეზობელ ჩიხში მცხოვრებ  მევახშე კატუშას  უკრაინელი მდგმურისსვიდანიაზედაყოლიების ამბით. იმ საღამოსაც გაიხსენა, როგორ აკოცნინა ცისფერთვალება ლარისას ტუჩებში იმის შიშით, „ხაზეიკასთანდაგასმენ   ნაირნაირიპაკლონიკებირომ დაგიდის ბაღის  მხრიდან  სათადარიგო კარიდანო”... და რომელთაგან ერთ-ერთიც, კარგად იცოდა მამამისი იყო...
   მოსწონდა კეთილი ბიჭობა  კარლოს  და პატარა ძებნოსაც  დააჭერინა  ხელში ნაგანი. , როგორ  შეკრთა,   ეს  სათამაშოსავით პატარა ნივთი გვარიანად მძიმე და ცივი რომ გამოდგა. როგორც კი იარაღის წონამ მკლავი დაუმძიმა, უმალ მიაშველა  მარცხენა.  საკუთარი  გულის ბაგა-ბუგი ესმოდა... მალე კარლომ ქოშინით მოვარდნილ ქალა-ბიჭა იას  გადაცა სიამაყის  საგანი და ვიდრე ლოყებაწითლებული უხსნიდა უბნის ფავორიტ  ახტაჯანა გოგოს  იარაღის ღირსებებს, ვერავინ შენიშნა როგორ გალაღებული გაიშალა მხრებში და ლამის  ერთი თავით   გაიზარდა  პატარა ძებნიაშვილი...
   საქორწილო ჟრიამული  იდგა ძველი უბნის  ეგრეთ წოდებულ იტალიურ ეზოში.
   მუსიკას სადღეგრძელოები ენაცვლებოდა, სადღეგრძელოებს  _  სიცილ-კისკისი. 
   ერთი სიტყვით  ყველაფერი წესით და  რიგით მიდიოდა, რომ არა  შუა ცეკვა-თამაშში  მეხის გავარდნასავით დაქუხებული სროლის ხმა...
რეკოშეტით   ასხლეტილმა   ტყვიამ ნეფე  ადგილზე გათავა...
მართალია პატარა  ძებნო, ნაძლევში არ მონაწილეობდა, მაგრამ თავი მაინც  დამნაშავედ   მიიჩნია, რადგან იმ ავბედით წუთს თავადაც იქ იყო, იქ!   
   იმ ერთადერთ საბედისწერო ტყვიის მასრას, მის ფეხებთან რომ დაეცა და უცნაური სუნი აუშვა, სროლის ხმით გაბრუებულმა ბიჭმა ერთხანს ში-შით უყურა,  მერე კი  აუზიან ონკანთან აყუდებული ტაშტი მოარბენინა და ზედ წააფარა.
   მისი ის ანაზდად წინდახედული საქციელი, რომელსაც ვერაფრით ვერ  აგიხსნიდათ მაშინ,  დიდად წაადგა გამოძიებას, როგორც ბრმა ტყვიის დამადასტურებელი მტკიცებულება.
   სხვაგვარად გამოძიებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციაც კი შეიძლებოდა მისცემოდა... ვინაიდან გარდაცვლილის მამინაცვალი და კარლოს  ინსპექტორი მამა  ორი კვირის წინ ისე შეკამათდნენ დომინოს თამაშის დროს, რომ საქმე კინაღამ გარტყმამდე მივიდა...
   მართალია ის გაწევ-გამოწევა ორივეს კაი ხნის მივიწყებული ჰქონდა და მას მერეც უამრავჯერ ეთამაშნათ ერთად მშვიდობიანად და ახლაც ნეფე-დედოფლის  შორიახლო მჯდარი  ტუხო ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს უძღვნიდა გერის გაბედნიერებით გალაღებულ მეზობელს, მაინც ეჭვქვეშ დგებოდა მისი უდანაშაულობის საკითხი, როგორც  არასრულწლოვნის  მეზობლისადმი არაკეთილმოსუნედ განმაწყობელი მშობელისა.    
   ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, ქშენა-ქშენით რომ შემოალაჯა  ეზოში  დიმიტრი გამომძიებელმა  კაფანდარა  უბნის რწმუნებულ უშანგის  თანხლებით.
   თავად დიმიტრი,  ეს   ნაპატიები გარეგნობის ღიპიანი კაცი,  ერთთავად შავი  ცილინდრითა და რუხი მაკინტოშით  რომ დაიარებოდა, თავისი გოლიათური გარეგნობისა თუ პროფესიიდან გამომდინარე, დიდ-პატარის  რიდსა თუ პატივისცემას უმალ იმსახურებდა  ხოლმე.
   მიუხედავად იმისა, რომ  იქვე, მეზობელ  ქუჩაზე ცხოვრობდა და   უბანს ხუთი თითივით იცნობდა,  სამეზობლო ურთიერთობებსა და   ნაცნობობას მუდამ თავს არიდებდა.
   -- გაშინაურება კადნიერების პირველი ფაზაა, კადნიერებიდან უზრდელობამდე კი ნახევარი ნაბიჯიაო... -- არიგებდა   თავის   ქერად გადაღებილ ახალგაზრდა   ცოლს და  მასაც იგივეს  ურჩევდა  გადაკრული, მაგრამ  მკაცრი ტონით.  
   ცქრიალა ლალეტაცდიდად აფასებდა  ქმრის გონივრულ გათვლებს და მისი თანხლებით ძვირად თუ  გაუყადრებდავინმეს თავს სალამისათვის. ყელმოღერებული გედივით   თავაწეული დაიარებოდა და მინაბული თვალებით კი  მიმინოზე  ნაკლებ როდი  ზვერავდა მისთვის  საინტერესო არეალს...  
   -- აუ, ტოო... დიმიტრი მოვიდა... -- შეჩოჩქოლდნენ ბიჭები...
თეთრ სუფრაზე დადებულ სატაბელო იარაღს  ყველა შიშით უვლიდა გარს.
   სამარისებური სიჩუმე იდგა სანახევროდ დაცლილ სეფაში...
ტუხოს ნიკაპი უკანკალებდა და გაფითრებულ კარლოს იღლიის ქვეშ  მალავდა.
   პატარა ძებნოც შორიდან  ადევნებდა   თვალს წარბშეკრული  გამომძიებლის ფუსფუსს.  მერე  კი  როცა მისი გამოჩენის პირველმა ელდამ გადაუარა, მაგიდაზე ალაპლაპებულ იარაღისკენ მანაც გააპარა მზერა. გააპარა და ცოცხალი  ფოტოსურათივით აღებეჭდა  მეხსიერებაში   სასხლეტზე  შერჩენილი   კამფეტიანი თითების  კვალი!  ისევ  აუბაგაბუგდა გული...
   სხვათაშორის... აი, მაშინ დაეუფლა პირველად ის  უცნაური გრძნობა,  წლების შემდეგ რომ   გააცნობიერა და მოგვიანებით  იუნგის გავლენით  მაძებრის ინსტიქტის ცქმუტავაუწოდა არაცნობიერში... რა თქმა უნდა სახალისოდ,  თუმცა დღემდე მტკიცედ სწამს, რომ ჯერ არც ერთი დეტექტივ-გამომძიებელი არ შემდგარა ამ ალღო-ინსტიქტის გარეშე,  და ვერც მომავალში შედგება,  როგორც პროფესიონალი.
   ...სხვა ვინ გაბედავდა ტუხოს  იარაღის  დაუბანელი  ხელით აღებას, თუ არა ისევ კარლო, რომელიც  სხვა ყველა სიკეთესთან ერთად მსუნაგიც იყო და  ჯერ კიდევ სტუმრების მოსვლამდე  ჩამოუქროლა სეფაში  აზიმზიმებულ  სუფრას ალალივით... 
   -- საეჭვო აღარაა გასროლის ადგილი...  ბიჭიც სეფაში  ყოფილა და ისე უსვრია... -- გადაჭრით თქვა დიმიტრიმ და  ნათქვამის ოქმში შეტანა დააპირა...
   --  არა, სეფაში არ ყოფილა... --  სასოწარკვეთით  წამოიძახა ტუხომ და უფრო  მიიხუტა შვილი.
   ხელახლა  გადაატრიალეს იქაურობა, მაგრამ ვერაფერი  იპოვნეს...
ძნელი გამოდგა დიმიტრის გადარწმუნება!  
   პატარა ძებნიაშვილს ჯერაც არ განელებოდა ის ამაყი განცდა  იარაღის წამიერი  ფლობით რომ იგემა... ებრალებოდა ნირწამხდარი კარლო და  მის შველას ფარული გულის წადილით ლამობდა...  გრძნობდა, უბედური შემთხვევის გარკვევით,  კარლოს სასიკეთოდ შეიცვლიდა ძიების მიმართულება...
    აი,  მაშინ  კი ვეღარ მოითმინა,  მხრებით მისწი-მოსწია  შეკრებილნი.  გაძვრა,  გამოძვრა და დიმიტრის გვერდით აღმოჩნდა. ჯერ  მაკინტოშის სახელო ჩამოსწია,  ყურადღება რომ ვერ მიიქცია   გვარიანად  დაქაჩა...
   -- რა  იყო ბიჭი,  რა ძაღლივით მექაჩები,  ენა არ გაქვს?! -- გაოცებული შეაცქერდა ბავშვს და ოქროსფერჩარჩოიანი სათვალე, საგულდაგულოდ წერისთვის რომ ხმარობდა, მელოტ თავზე შემოიდო.
ბიჭს უხეში და მკაცრი მოეჩვენა მისი ნათქვამი და გოროზად გაიტრუნა.
   -- აბა, გისმენ  ბიჭუნი, გატყობ რაღაც გაქვს სათქმელი! _ ახლა უკვე თბილად გაუღიმა დიმიტრიმ.
   -- ვიცი რასაც ეძებთ... აი იმას... -- შეტყუპული ცერა და საჩვენებელი თითები უჩვენა... -- საიდანაც ისროლა, ისევ იქ გდია... იქ არის... -- ახლა  კარალიოკის ხისკენ გაიქნია საჩვენებელი თითი,  --  დავაფარე...
   -- ჰოო- ბიჭუნი!... -- დიმიტრი ზანტად წამოიმართა და  ბიჭს კეფასთან წამოსდო ბუთქუნა თითები. -- კაი, წამოდი... აბა, ვნახოთ რა გაქვს სამალავში...
   როცა შეგულებულ  ადგილას მივიდნენ, ბიჭი სახტად დარჩა, ტაშტი აღარსად იყო!
   ოღრო-ჩოღრო  მტვრიან ასფალტს გაწბილებული დააცქერდა.  ყელში ბურთივით მოაწვა უილაჯობა. არადა, ახლაც ნათლად ედგა თვალწინ ის აბოლებული ციციქნა რაღაც... მერე ისევ  აჩიჩქნილ ასფალტს ჩაუშტერა  თვალები  და აღარავინ რომ არ ელოდა,  სახე გაუბრწყინდა ბიჭს...  თითქმის  მიწის პირზე გასწორებულიყო...   მარდად  დაიხარა და ფრჩხილებით მობღოტა...
   -- მდაა... -- მრავალმნიშვნელოვნად აღმოხდა დიმიტრის და აღტაცებით  დააცქერდა ბიჭის პატარა მოთხვრილ თითებს, მკვდარი ჩიტივით რომ დაუგდო ნიჩაბივით ფართე ხელისგულზე  პრიალა   მასრა...
   -- კოლეგა მყოლია თურმე უბანში და არ მცოდნია!  -- ლოყაზე  მოუთათუნა  ხელი ხმადამტკბარმა... და ვიდრე  მთავარ ნივთმტკიცებას  სიამაყით უჩვენებდა უბნის რწმუნებულს,  პატარა ძებნომ საშინლად  იუკადრისა ბავშვური მოპყრობა,  ხელის ერთი აქნევით მოიშორა დიმიტრის  ბანჯგვლინი ტორი და უბრად გაშორდა...


*
    


1 комментарий:

drmercyhospital комментирует...

Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.